ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გაიტაცეს, სცემეს, ბეისბოლის ჯოხით ძვლები დაუმტვრიეს, ფრჩხილები დააძვრეს და მომაკვდავი ტყეში მიატოვეს, 20 სექტემბრის დილით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ ოთარ გელაშვილი ერთი დღით გაუჩინარდა, რის შემდეგაც ის ქვემო ქართლის რეგიონში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს.
მას რუსთავის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მედიას განუცხადა, ოთარ გელაშვილის მკვლელობა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტის და მექანიკის ინჟინერიის დეკანი იყო, აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას არ უკავშირდება და გამოძიება მთავარ ვერსიად გარდაცვლილის ბიზნეს საქმიანობას განიხილავს.
საქმეზე დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა. ამ სასტიკი დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე ქვეყნიდან არის გაქცეული. საქმე ამ დრომდე ცემის მუხლით იყო აღძრული, თუმცა ლექტორის გარდაცვალების შემდეგ დიდი ალბათობით ბრალის კვალიფიკაციაც შეიცვლება.