ეროვნულმა ბანკმა მანდატის ფარგლებში, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში, სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სახელმძღვანელო დაამტკიცა.
ეროვნულ ბანკს ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების პრაქტიკა უკვე დიდი ხანია დანერგილი აქვს, თუმცა, სახელმძღვანელოს შემუშავება პროცესის ფორმალიზებასა და მის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს, რის შედეგადაც პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკის მხრიდან კიდევ მეტი გამჭვირვალობა იქნება უზრუნველყოფილი.
სახელმძღვანელოში დეტალურადაა გაწერილი კონსულტაციების წარმართვის პროცესი და ვადები. როგორც აღინიშნა, საჯარო კონსულტაციების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, არსებული პოლიტიკის მატერიალურ ცვლილებას იწვევს ან მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შესაბამის სექტორზე და საზოგადოებაზე, ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, არამხოლოდ სამართლებრივი აქტების პროექტები, არამედ ასევე, დაინტერესებული პირების მიერ ეროვნული ბანკისათვის მიწოდებული მოსაზრებები და წარმოდგენილ ხედვებსა და კომენტარებზე სებ-ის საპასუხო შემაჯამებელი დოკუმენტი.
სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნებისას, ეროვნულმა ბანკმა პროექტს შესაძლოა ასევე თან დაურთოს იმ კონკრეტული თემების ჩამონათვალი და კითხვები, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან მოსაზრებების დაფიქსირება განსაკუთრებით საინტერესოა.
ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა, ისიც რომ საჯარო კონსულტაციებისათვის განისაზღვრა მინიმალური ვადა. სახელმძღვანელოს მიხედვით, სექტორს და საზოგადოებას მოსაზრებების წარმოსადგენად არანაკლებ 7 სამუშაო დღე ეძლევათ.
აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი, სებ - ის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შიდა სახელმძღვანელოს ნაწილია, რომლის შემუშავებისას, ეროვნული ბანკი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხელმძღვანელობდა, მათ შორის, ევროპის საბანკო უწყებისა (EBA) და ევროპის საბანკო უწყებისა (EBA სტანდარტებითა და პრაქტიკებით.
სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სახელმძღვანელოს შემუშავება, სექტორის ჩართულობითა და მათ მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით განხორციელდა.
სახელმძღვანელო (დანართებთან ერთად) განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.