გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დიძის სმიტს უმასპინძლეს.
„ბალტიის ქვეყნების ბაზარი, ჩვენი აგროსასურსათო ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით ყველაზე დიდ რეგიონულ გამოფენაზე RIGA FOOD, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, წარმოდგენილია 8 ქართული კომპანია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ექსპორტში საერთაშორისო ბაზრებზე.“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.
უწყების ცნობით, გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. RIGA FOOD 7 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.