ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო. გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მოსავალი ღვინის საწარმოებს 2700-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.
შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 3077 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია).