ზელენსკის განცხადება, რომ საქართველოში თურმე დემოკრატიული გადაწყვეტილებების საშუალება არ აქვთ და ბელარუსთან ერთ სიბრტყეში უნდა დადგეს, უსამართლობის გარდა, არაკორექტული პოლიტიკური განცხადებაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელშიც მან თქვა: „უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს“.
ვოლსკის თქმით, საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები აჩვენებს, რა პოზიციაზე დგას ხალხი – ომი სურს თუ სტაბილურობის შენარჩუნება.
„უკრაინა გამარჯვებისჯენ ისწრაფვის და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ხელიდან უნდა გამოეცალოს ის ძალა, რაც საშუალებას აძლევს, საქართველოს გარკვეული ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშ ჰქონდეს. მთლიანად საკითხი საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, სამხედრო თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ პოზიციაზე უნდა ვიყოთ, რაც გვაქვს – რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკური დაპირისპირება დაგვანგრევს.
უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვუსურვებთ და ეს არაერთხელ გვითქვამს. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას დემოკრატიის ნაწილზე, თურმე დემოკრატიული გადაწყვეტილებების საშუალება საქართველოში არ აქვთ და ბელარუსი და საქართველო ერთ სიბრტყეში უნდა დადგეს, ეს უსამართლობოს გარდა, საკმაოდ არაკორექტული პოლიტიკური განცხადებაა. საქართველო დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანაა, სადაც ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიული პრინციპები დაცულია. საქართველო მოწინავე რეიტინგების ქვეყანაა, მათ შორის სამეულში. საქართველოსთან მიმართებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადება კვლავ არაკორექტული რჩება. სამწუხაროდ, იმ პროცესში, სადაც ერთად უნდა ვიყოთ, უკრაინის ხელმძღვანელობა მაინც იმ მიმართულებით მიდის, თითქოს ხალხი სხვაა და ხელისუფლება სხვა, დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ჩატარდება კიდეც, რაც აჩვენებს, რეალურად, ხალხი რა პოზიციაზე დგას – სურს ომი და დაძაბულობა, ცეცხლის ალში გახვევა, რასაც უკრაინის ზოგიერთი ხელისუფალი გვირჩევს, თუ სტაბილურობის შენარჩუნება და სამშვიდობოზე გასვლა“, – განაცხადა გჰია ვოლსკიმ.