უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში გაანათეს.
„ლურჯი, როგორც უკრაინის ცა, ყვითელი, როგორც მისი მინდვრები. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, უკრაინის დროშა ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას ბრიუსელში. ჩვენ პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის“, – წერს ევროკომისია Twitter-ში.
უკრაინელებს ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს ევროპული საბჭოს შენობა კაშკაშა ყვითელ და ლურჯ ფერებში ანათებს, როგორც უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა ევროპარლამენტის შენობაც.
„ლურჯი და ყვითელი ფერები მამაცი უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის სიმბოლოა. ისინი გვაერთიანებენ და წარმოადგენენ უკრაინის ევროპულ მომავალს. ამაღამ ისინი ანათებენ ჩვენს ევროპარლამენტს, როდესაც ჩვენ შევუერთდებით უკრაინელი მეგობრების დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
უკრაინის დროშის ფერებშია ევროკავშირის საგარეო სამსახურის შენობაც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენ პატივს ვცემთ მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც მამაცურად იცავს თავის სახელმწიფოს და მომავალს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახური განათებულია ლურჯ და ყვითელ უკრაინულ ფერებში“, – წერს ბორელი.