"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე მოსკოვში ქუთაისის "საბრძოლო დიდების" მემორიალის ანალოგის გახსნას "ცინიზმს" უწოდებს.
"ის, რაც ქუთაისში მოხდა, უზნეო და ამორალური საქციელი იყო ხელისუფლების მხრიდან, თუმცა რეაქცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას აქვს, რომელიც თითქოს გულშემატკივრობს ქართველ ვეტერანებს, ცინიზმის მეტს არაფერს წარმოადგენს. რუსეთმა იმავე ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების თავზე ვარსკვლავიანი თვითმფინავებით ბომბები ჩამოყარა", - განუცხადა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, 2009 წლის 19 დეკემბერს "საბრძოლო დიდების" მემორიალის დემონტაჟს ორი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში, პოლონნაია გოაზე მემორიალის ანალოგის აღმართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ღონისძიება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს იგეგმება. საქართველოს პოლიტიკური წრიდან მას "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი დაესწრებიან.