ხაბეიშვილს ვეტყვი, რომ საკეტი, რომლის გასაღებიც მათ აქვთ, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა გამოცვალა, ვაშაძეს კი ვეტყვი, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში რამე გადატვირთვა არ მოუვიდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ზედმეტი მოლოდინი რომ არ ჰქონდეთ, მინდა, ოპოზიციურ ელექტორატს ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გავუზიარო – არ იფიქროთ, რომ აქ რაღაც ნათელი იდეაა, ამ ადამიანებს მართლაც რაღაც გამარჯვების ფორმულა აქვთ და გასაღები აქვთ. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში არიან, ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ გასაღები აქვს ხელში. ერთს მინდა, ვუთხრა, რომ საკეტი, რომლის გასაღებიც მათ აქვთ, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა გამოცვალა, მეორეს კი მინდა, ვუთხრა, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში რამე გადატვირთვა არ მოუვიდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სინამდვილეში ეს გაერთიანების პროცესი ბარიერის საკითხს უკავშირდება, რადგან ახალი კონსტიტუცია ევროპულ ბარიერს, 5%-ს ადგენს, რაც დასავლეთ ევროპას აქვს.
„ახლა ფიქრობენ, საერთოდ არ დავრჩეთ პარლამენტის გარეთო, რადგან იციან, რომ ზოგიერთი 0%-იანია, ზოგი კი – 1%-იანი; იციან, რომ თუ ვიღაცასთან არ გაერთიანდნენ, შეიძლება, პარლამენტის მიღმა დარჩნენ და მაგიტომ ერთიანდებიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.