ვერავინ ვერ დაწვავს ხიდებს საქართველო-პოლონეთს შორისაც და, მით უმეტეს, ეს საკითხიც არ არის იმ კალიბრის საკითხი, რომ რაღაც ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მან კომენატრი გააკეთა პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.
გადაცემის წამყვანის ეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ამ განცხადებამ და კონკრეტულმა გზავნილებმა დააზარალოს ორი ქვეყნის ურთიერთობა, მით უმეტეს, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და საქართველოსთვის ახლა ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მნიშვნელოვანია, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
„დღეს ვინც არ უნდა ძალა გამოიყენოს და გადაწონოს ამბავი თავის სასარგებლოდ, მერწმუნეთ, ძალიან ცოტა ხანში, ადრე თუ გვიან, ეს წონასწორობა აღდგება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამიტომ, რომ გითხრათ, რომ მე შიშით ვუყურებ ამ განცხადებას, რომ ეს მომავალში საქართველოს და პოლონეთის ძმობაზე და მეგობრობაზე ცუდად აისახება, ვერ მოახდენს გავლენას, პირდაპირ გეტყვით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, წარსულშიც და ახლაც, ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება კეთდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, თუმცა ეს განცხადებები საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდებს ვერ დაწვავს.
„აგერ, მაგალითად, ევროპარლამენტარები სარგებლობენ თავიანთი ევროპული სტატუსით და ევროპის სახელით გველაპარაკებიან იმას, რაც აბსოლუტურად არ ჯდება ევროპის პრინციპებში. ევროპული პრინციპები ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია, გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ა.შ. თუ ამ ხალხმა დღეს გადაწყვიტა, რომ ლობისტებთან რაღაც კავშირის გამო დაივიწყოს ევროკავშირის საუკუნოვანი ღირებულებები და ის ილაპარაკოს, რაც აწყობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ხიდებს დაწვავენ. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დაწვავს ხიდებს საქართველო-პოლონეთს შორისაც და, მით უმეტეს, ეს საკითხიც არ არის იმ კალიბრის საკითხი, რომ რაღაც ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.