ყველა პარტიას თავისი ხედვა აქვს, არაერთხელ განვაცხადეთ და კვლავ მივესალმებით, თუ მოხდება ოპოზიციური პროდასავლური მძლავრი ცენტრების ჩამოყალიბება, რათა არ ვიყოთ დაქსაქსული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„ჩვენ შემოდგომიდან მოყოლებული წარვადგენთ როგორც შემადგენლობის, ასევე კონკრეტული სტრატეგიის პროგრამებს. სტრატეგია არის ბრძოლა, სტრატეგია არის ჩვენი გამარჯვება შემდეგ არჩევნებში, მთავარი სტრატეგიაა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება, რეფორმების ჩატარება. პასუხისმგებლობების გადანაწილება, სტრატეგიის, პროგრამის შემუშავება როგორ მოხდება, ამას თანმიმდევრულად გავანცობთ საზოგადოებას.
ყველა პარტიას თავისი ხედვა აქვს. არაერთხელ განვაცხადეთ და კვლავაც მივესალმებით, თუ მოხდება სხვა პოლიტიკური ცენტრების, ოპოზიციური პროდასავლური მძლავრი ცენტრების ჩამოყალიბება, რომ არ ვიყოთ დაქსაქსული. მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა კომუნიკაცია. გიორგი ვაშაძეს ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია და მსგავსი ტიპის კომუნიკაცია იქნება მაშინ, როცა საჭირო იქნება. ჩვენ დაველაპარაკებით ხათუნა სამნიძეს. არ გვაქვს ის ურთიერთობა, რომ რაღაც ვერ გავარკვიოთ. ვინ ვისთან შეკრავს საარჩევნო კოალიციას, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი, ისევე როგორც სამნიძის საქმეა, ვისთან დააპირებს კოალიციას. ჯგუფის შექმნის დათქმაც ეს იყო, რომ შიდაპარტიულ საქმეებში ჩვენ თავისუფალი ვართ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.