დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ცხინვალის უშიშროების ე.წ. სამსახურმა 13 ივნისს ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა. მათივე ცნობით, ამოიღეს დოკუმენტები, სახელმძღვანელოები; მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ტელეფონები, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს. ჩხრეკა უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დილით ადრე ერთდროულად ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
„ამჟამად, ახალგორის მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლაა, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა: ერთი დაბა ახალგორში და ხუთი სოფლებში - იკოთი, კორინთა, ახმაჯი, ბალაანი და ზემო ბოლი. ამ სკოლებს მოსახლეობა ახლაც ქართულ სკოლებად მოიხსენიებს. ადრე სრულად ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაციის პოლიტიკა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც სკოლებში 1-6 კლასებში სწავლების ენა ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა. ანალოგიური პროცესი შეეხო გალის რეგიონსაც, სადაც ყველა ქართული სკოლა რუსულენოვანი გახდა. წლებია ახალგორში იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იძულებულია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღოს განათლება.
სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა, მხოლოდ იმ სკოლებს შეეხო, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ახალგორის რუსულ სკოლაში, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ჩხრეკა არ ჩატარებულა. თავისთავად რუსულენოვანი სკოლის გახსნა რაიონში, სადაც ძირითადად ქართული და ოსური მოსახლეობაა, კიდევ ერთი ნიშანია გამძაფრებული რუსიფიკაციის, რომელიც რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს . ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ახალგორის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და სასწავლო პროცესში უკანონო ჩარევის აღკვეთისათვის და ახალგორის და გალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების უფლების აღდგენისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.