ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, კავკასიელების მიმართ რუსი ეროვნების მოქალაქეების აგრესია იმითაა გამოწვეული, რომ ისინი ასიმილაციას არ დაექვემდებარნენ.
"ბევრი ეთნიკური ჯგუფი გაუჩინარდა რუსულ მასაში, კავკასიელები კი ასეთ ასიმილაციას არ დაექვემდებარნენ და სწორედ ამის გამო იწვევენ ისინი რუსებში ანტაგონიზმს და აგრესიას", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიელებსა და რუსი ეროვნების მოქალაქეებს შორის მოსკოვში მიმდინარე დაპირისპირებაზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესების საფუძველი დიდი ხნის წინ, მაშინ შეიქმნა, როცა რუსეთში კავკასიელების შესახებ ვიწრო ტერმინი პირველად გაჩნდა.
"ის, რაც მოსკოვში დღეს ხდება, რეალურად, არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ, 50 წლის წინ დაიწო, როცა პირველად გაჩნდა კავკასიელების შესახებ ვიწრო ტერმინი. რუსეთის ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც დღეს ხდება. სახეზეა იმის შედეგი, რაც რუსულმა და შეიძლება ითქვას, საბჭოთა პოლიტიკამაც კი დათესა", - განმარტავს ექსპერტი კავკასიის საკითხებში.
რაც შეეხება მოვლენების მოსალოდნელ განვითარებას, მამუკა არეშიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პროცესები კონტროლს ექვემდებარება, საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას პროცესის მართვის სადავეების დაჭერა გაუჭირდება.
"მოსკოვში მიმდინარე დაპირისპირება დღეს მართულია, რადგან ნაცისტური და ასეთი ტიპის ორგანიზაციები, როგორც წესი, სავსეა სპეცსამსახურის აგენტურით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, ხელისუფლება პროცესის მართვის სადავეებს ვერ დაიჭერს და თუ ეს დაპირისპირება ახლა, ჩანასახშივე არ ჩაკლა, სიტუაციის გაკონტროლება ძნელი გახდება", - მიიჩნევს არეშიძე.
"რუსეთში ამასთან დაკავშირებით სპეციალური გამოკითხვაც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 60 %-მა რუსეთისთვის კავკასიის ჩამოშორებას დაუჭირა მხარი. რუსეთში მიაჩნიათ, რომ კავკასიიდან მოდის ომები, ყველანაირი უბედურება და ბოლოს და ბოლოს ფედერალური ბიუჯეტის უზარმაზარ ფულს სწორედ კავკასიელები ჭამენ", - დასძინა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში კავკასიელებსა და რუსებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, მოსკოვის მილიციამ ქალაქის სხვადასხვა რაიონში დაახლოებით 1300-მდე ადამიანი დააკავა რომლებმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სცადეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს ტრავმატული და ცივი იარაღი ჰქონდა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მილიციამ შეძლო აქციების ჩატარება და დაპირისპირება არ დაეშვა არა მხოლოდ კიევის სადგურთან, არამედ მეტროსადგურებთან "სმოლენსკაია" და "პარკ კულტური". სწორედ ამ ადგილებში იგეგმებოდა კავკასიელებსა და რუსი ეროვნების რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდობას შორის "საქმის გარჩევა".