პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებითYგაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სტატიას სკეპტიკურად უყურებს.
"ის, რაც მე წავიკითხე არანაირ ნდობას არ იმსახურებს. დაველოდოთ დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელსაც სტატიის ავტორი გვპირდება. ჩემთვის ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ჟურნალისტი ვერ ასახელებს, სად და როდის გაიმართა შეხვედრა, არადა, წესით, ადამიანები, რომლებიც იმ ვითარებაზე მსჯელობენ, რაზედაც სტატიაშია საუბარი, არც ამას დამალავდნენ", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას სკეპტიკურად უყურებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩეჩილაძეების ოჯახის მიმართ "სხვანაირი დამოკიდებულება" აქვს.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ასავალ-დასავალში" ორი დღის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი ჯაბა ხუბუაც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე თავისი მოთხოვნები ჩამოუწერა.
"კერძოდ: "დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმენლად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10-12 მილიონი", - წერს "ასავალ-დასავალი".
გარდა ამისა, ჟურნალისტის მტკიცებით, ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენდა თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზედაც სტატიის მიხედვით, სააკაშვილმა ირონიულად უპასუხა და აღნიშნა, რომ "ხიდაშელი კაბაში ჩაცმული გიგა ბოკერიაა და ის ფრთიანი ანგელოზი ტყუილად ჰგონიათ".
ამასთან, როგორც "ასავალ-დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაერიცხა, მოგვიანებით კი დანარჩენი თანხის მიღებაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.
გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.