დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) 2023 წლის მაისის ბოლოს, გალში კრასნოდარის ოლქიდან სოციალური დახმარება ჩავიდა, რაც რუსეთის მიმართ გალის მოსახლეობის სიმპათიისა და მხარდაჭერის გაზრდას ისახავს მიზნად.
„კრასნოდარის ოლქიდან სპეციალური სოციალური დახმარება გალის რაიონის იმ სოფლებისთვის ჩაიტანეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უკიდურესად უჭირს. ესენია: ხუმუშკური, სიდა, გუდაა, წარჩე და ცხირი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რომელ ოჯახს კონკრეტულად რა საჭიროება ჰქონდა. მოსახლეობას დაურიგეს ტანსაცმელი, საკვები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
სოციალური დახმარების დარიგებისას მოსახლეობას მიუთითეს, ეფიქრათ, რა შეუძლია დიდ სახელმწიფოს; შეახსენეს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დახმარება მიიტანოს იმ ადგილებში, რომელიც არავის ახსოვს და დეტალებში იცოდეს, ვის რა უჭირს; რომ „რუსეთი არასდროს ივიწყებს ქრისტიან ძმებს, მთავარია მათ არ უღალატონ რუსეთს.“ მოსახლეობას ისიც გაახსენეს, რომ 1991 წელს, როდესაც რუსეთმა „დატოვა“ აფხაზეთი, სწორედ მაშინ გაუჭირდათ და დაუმძიმდათ საცხოვრებელი პირობები და თუ ადგილობრივებს სურთ, რეგიონი კვლავ აღორძინდეს, ამისთვის რუსეთის დაბრუნებაა საჭირო.
სოფლებში, სადაც რუსული დახმარება დარიგდა, მოსახლეობა საგრძნობლად შემცირებულია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. შესაბამისად, დიდია მათი კეთილგანწყობის მარტივად მოპოვების ალბათობა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო აქტორებთან ერთად გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შეიმუშაოს ადგილობრივ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველა ზომა მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად“, - აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებაში.