19 და 20 ნოემბერს, გაგრასა და არადუში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც დე ფაქტო მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა ორივე ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინაორებს გამოძიება.
ხეციას განცხადებით, ბესლან ბუთბას პარტიის გაგრის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიტალი აჟივის ავტომანქანა მისი სახლიდან საკმაოდ მოშორებით იდგა, როდესაც მას ხანძარი გაუჩნდა, თუმცა "ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს ან ააფეთქეს".
"ეს გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს", - აცხადებს ხეცია.
რაც შეეხება ოჩამჩირეში მომხდარ ინციდენტს, დე ფაქტო მინისტრის განმარტებით, ბესლან ბუთბას კუთვნილ აგროფირმაში, სადაც კივის ნაყოფი ინახებოდა, ნამდვილად მოხდა აფეთქდა.
"ოჩამჩირის მილიცია ატარებს აუცილებელ ღონისძიებებს ამ დანაშაულის ჩამდენთა დადგენისა და დაკავების მიზნით, თუმცა გასაკვირია, რომ ტელეარხის "აბაზა ტვ-ის" კორესპონდენტები შემთხვევის ადგილზე იმაზე უფრო ადრე აღმოჩნდნენ, ვიდრე იქ ოჩამჩირის მილიციის რაიგანყოფილების თანამშრომლები მივიდნენ", - განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის განმარტებითაც, ტელეკომპანია "აბაზა ტვ"-ის დამფუძნებელი სწორედ პრეზიდენტობის კანდიდატი ბესლან ბუთბაა.
შეგახსენებთ, რომ ბესლან ბუთბას საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 20 ნოემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში აგროსამრეწველო კომპლექსის "არადუს" ოფისი აფეთქდა, რომელიც "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის" თავმჯდომარეს ბესლან ბუთბას ეკუთვნის, ერთი დღით ადრე, 19 ნოემბერს კი, გაგრაში პარტიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის ვიტალი აჟიბის ავტომანქანა დაიწვა.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს უნდა გაიმართოს. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის 5 კანდიდატი: სერგეი ბაღაფში, ვიტალი ბგანბა, რაულ ხაჯინბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუთბა იბრძოლებენ.