სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატის ბესლან ბუთბას საარჩევნო შტაბი მათ წინააღმდეგ პროვოკაციებზე საუბრობს.
კანდიდატის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 ნოემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში აგროსამრეწველო კომპლექსის "არადუს" ოფისი აფეთქდა, რომელიც "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის" თავმჯდომარეს ბესლან ბუთბას ეკუთვნის, ერთი დღით ადრე, 19 ნოემბერს კი, გაგრაში პარტიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის ვიტალი აჟიბის ავტომანქანა დაიწვა.
"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის", - ნათქვამია ბუთბას საარჩევნო შტაბის განცხადებაში.
შტაბი აღნიშნულს დაგეგმილ პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს, რომელიც აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციისა და ბუთბას მომხრეების დაშინებისკენაა მიმართული.
თავად ბესლან ბუთმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, "არ წამოეგონ ბინძურ პროვოკაციებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ".
"აფხაზი ბრძენი ხალხი თავად გააკეთებს დასკვნას, თუ ვის სჭირდება დღეს ვითარების დესტაბილიზაცია", - განაცხადა ბუთბამ და აქვე იმედი გამოთქვა, რომ ექსტრემისტები მისი მომხრეების დაშინებას ვერ შესძლებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბუთბას წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული ქმედებები უკვე შეაფასა სეპარატისტული აფხაზეთის 1192-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანების საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "არუდამ" და მას "ტერირისტული აქტები" უწოდა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედებები მიმართულია ამომრჩეველთა დასაშინებლად და ვითარების დესტაბილიზაციისკენ.