აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა მომდევნო კვირებში მზადდება და ბრძოლის ველზე წარმატებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რომელსაც შეუძლია მოიტანოს სამართლიანი მშვიდობა.
ამის შესახებ ბლინკენმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთმა უკვე განიცადა მარცხი იმ მხრივ, რომ ვერ შეძლო თავისი პირველადი მიზნების მიღწევა: გაექრო უკრაინა რუკიდან, შეეყვანა რუსეთის შემადგენლობაში, გაენადგურებინა მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელები გეგმავენ განახორციელონ კონტრშეტევა უახლოეს კვირებში, რომლის წარმატებაზეც არის დამოკიდებული რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რაც შესაძლოა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით.
„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები გეგმავენ კონტრშეტევის დაწყებას უახლოეს კვირებში. ვნახოთ რა გამოვა {კონტრშეტევიდან}. საბოლოო ჯამში ბრძოლის ველზე წარმატება არის საუკეთესო და ალბათ, ყველაზე სწრაფი გზა მოლაპარაკებებისკენ, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.