რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთში, გაგრის რაიონში მოკლული იპოვეს გალის მკვიდრი, 33 წლის ჯეირან მარღანია. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ოკუპირებულ ქალაქ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი სამუშაოდ გაგრაში იყო წასული. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ჯეირან მარღანია ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მკვლელობა კი სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა.
„არასწორია ინფორმაცია, რომ ის ბიზნესმენი იყო და ამიტომ მოკლეს. მდიდარი არ არის ეს ოჯახი. არანაირი ბიზნესმენი ეს ბიჭი არ იყო. ადამიანი რომ ტაქსაობს, რა ბიზნესი უნდა ჰქონდეს?! ბევრ რამეს ამბობენ გალში მის მკვლელობაზე, მაგრამ რეალურად ჯერ არავინ არაფერი იცის. ზოგმა თქვა ფული მოჰქონდა და ამის გამო მოკლესო, ზოგმა თქვა ნარკომანები ჩასხდნენ მანქანაში და მათ მოკლესო. საწყალი, ახალგაზრდა დედა ჰყავს ამ ბიჭს. ყვავილების მაღაზია აქვს ამ ქალს“, - ამის შესახებ ანონიმურობის დაცვით რადიო თავისუფლებას გალის მცხოვრებმა განუცხადა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს ჯეირან მარღანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ახალგაზრდა კაცის მკვლელობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.