უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ილაპარაკა, რომელიც რამდენიმე დღღის წინ გაიმართა.
ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ იმდენად მწირი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბევრმა ოფიციალურმა პირმა და ანალიტიკოსმა თავისი ვერსიები გააჟღერა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, დღეს, 28 აპრილს, პრესკონფერენციაზე ჩინეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრის შესახებ ჰკითხეს.
„ჩვენ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა, თუმცა არ დაგვიგეგმავს მომავალი შეხვედრა. ჩვენ ვილაპარაკეთ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ყველა ამ საკითხის შესახებ, ჩვენ მოვისმინეთ პატივისცემა ამ ყველა პრინციპის მიმართ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე.
"რაც შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც განვიხილეთ, ისინი პირველ რიგში უსაფრთხოებას ეხებოდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ფორმატში, ჩვენს მშვიდობის ფორმულაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩავრთოთ, რომლებიც შემდეგ რუსეთზე ზეწოლას შეძლებენ, რათა მშვიდობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს", - განაცხადა ზელენსკიმ.