2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.
ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელის შესახებ სამართლიანი კომპენსაციის ნაწილთან მიმართებაში დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით, რომელიც არ იყო გათვალისწინებული 2021 წლის მთავარი გადაწყვეტილებით.
სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენებოდა წინამდებარე საქმეზე სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა მიმართ. ასევე, „ბუფერულ ზონაში“ სახლების გადაწვისა და გაძარცვის ადმინისტრაციული პრაქტიკის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის და ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების მსხვერპლთა მიმართ „სამხრეთ ოსეთის ძალების“ მიერ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, ცხინვალში დაახლოებით 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში. ასევე, 2008 წლის 8-17 აგვისტოს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების აღკვეთის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და მოპასუხე სახელმწიფოს მსხვერპლთა მიმართ, პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ჩაეტარებინა სათანადო და ეფექტიანი გამოძიება გარდაცვალების ფაქტებზე, რომელიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში ან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.
სასამართლოს განცხადებით, რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.
გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება.