დღეს გამოცემა The Washington Post-მა საიდუნლო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა 2023 წლის 24 თებერვალს გეგმავდა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, თუმცა ვაშინგტონის თხოვნით, უარი თქვა ამ განზრახვაზე.
აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
„ეს რატომ უნდა გაგვეკეთებინა? რისთვის? რა ამოცანას უნდა მომსახურებოდა ეს ერთჯერადი აქცია? შეცვლიდა ომის მიმდინარეობას? აიძულებდა რუსებს გაქცევას? აღმოფხვრიდა იარაღის საჭიროებას?... მსგავსი პუბლიკაციები, რომლებიც ეყრდნობა „ანონიმ წყაროებს“, ასრულებს მხოლოდ ერთ კატასტროფულ ფუნქციას: აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს დასავლეთის დედაქალაქებში, თითქოს უკრაინა წარმოადგენს არაგონივრულ, ინფანტილურ და იმპულსურ ქვეყანას, რომელიც მოზრდილ ადამიანებს ანდობს სერიოზულ იარაღს. ეს კეთდება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად - სხვა საკითხია“, - წერს პოსოლიაკი.
მისივე განმარტებით, უკრაინა ომს „რკინის მათემატიკური ლოგიკით“ უდგება.
„ჩვენ გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, რათა გავანადგუროთ რუსული ლოჯისტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა სახის ავიაცია ჩვენი საჰაერო სივრცის დასაცავად და რუსული საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. ეს გახლავთ წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციის და დანაკარგების შემცირების მთავარი შემადგენელი ნაწილი“, – ამბობს პოდოლიაკი.