საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაცემი 50 წლამდე მამაკაცი, რომლის უკანონოდ დაკავება საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სცადეს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კაცის მეუღლის განცხადებით, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიღებული.
მისივე თქმით, მან და მისმა მეუღლემ ე.წ. საზღვართან დაკავების მცდელობისას თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
„საქონელს ვაძოვებდით, რა დროსაც ორი რუსი ოკუპანტი თავს დაგვესხა და ჰქონდათ მცდელობა, გავეტაცებინეთ. ჩვენ გამოვიქეცით, საკმაოდ ბევრი ვირბინეთ და ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ, ხელები შეეკრათ, ფეხებთანაც ორჯერ გვესროლეს. ვყვიროდი, რომ ჩვენთვის მეზობლებს ეშველათ. ხმაზე ხალხი გამოვიდა, მაგრამ ახლოს ვერავინ მოვიდა, ვერავინ დაგვეხმარა. ამასობაში გამოჩნდა ჩვენი პოლიციაც და პოლიციის დანახვისთანავე ორივე გაიქცა. მეუღლე ცუდად არის, თავში კონდახი აქვს ჩარტყმული“, – განაცხადა მამაკაცის მეუღლემ.
მისივე თქმით, ის და მისი მეუღლე ინციდენტის დროს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს.