სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. იუწყება BBC
სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან მდებარე „სწრაფი რეაგირების ძალების“ ბაზაზე. მსხვერპლია ორივე მხარეს, თუცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი.
შეიარაღებული დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალები“ და სუდანის არმია შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტაზე, რათა ათიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკების ეპიცენტრში მოყვნენ, ტერიტორიის დაეტოვებინათ, ასევე დაჭრილები საავადმყოფოებში გადაეყვანათ, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის მიუხედავად, აფეთქებები და სროლები მაინც არ წყდება. ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, მეომარ მხარეებს ეგვიპტემ და სამხრეთ სუდანმა შუამავლობა შესთავაზეს.
თავის მხრივ, გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამამ შეაჩერა ფუნქციონირება სუდანში მას შემდეგ, რაც 15 აპრილს გაერო-ს სამი თანამშრომელი დაიღუპა.
15 აპრილს, სუდანის გასამხედროებული დაჯგუფება, „სწრაფი რეაგირების ძალებმა“ განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციაზე და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე.
კონფლიქტი გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.
სუდანს, სადაც 1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამართული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, 2021 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ სამხედრო გენერლები სუვერენული საბჭოს მეშვეობით მართავენ. აბდელ ფატა ალ-ბურჰანის ბრძანებით, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი, დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამჟამად სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, გენერლის მოჰამედ ჰამდან დაგალოსი მეთაურობს. ამავდროულად, არმიას გენერალი აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანი მართავს, რომელიც სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელია.