სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, განაგრძობს გამყოფი ხაზის სოფლებში ვიზიტებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას. ამჯერად სახელმწიფო მინისტრი გამყოფ ხაზთან მდებარე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ჩერნიშოვასთან ერთად, სოფლებში მოქმედი ამბულატორიები მოინახულა, სადაც UNDP-ის მხარდაჭერით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სამედიცინო მომსახურების განვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით. სახელმწიფო მინისტრი და გაერო-ს წარმომადგენელი ამბულატორიების მედპერსონალს შეხვდნენ და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. ამასთან, განხილულ იქნა სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული საკითხები. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა წარმოადგენს, თეა ახვლედიანი სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთან, მინისტრმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს - ხელოვნების სკოლას ეწვია, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე თერთმეტი წელია ფუნქციონირებს. თეა ახვლედიანმა მეუფესთან ანიმაციური ფილმების 2023 წლის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ საორგანიზაციო საკითხები და საჭიროებები განიხილა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, ომით დაშორებული საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების, მათ შორის, ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების, ისევე როგორც ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
„გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება, რა თქმა უნდა კვლავ რჩება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ისეთ სფეროებში როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. დღეს ჩვენ ვეწვიეთ შიდა ქართლის რეგიონში სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზს, გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP-ის წარმომადგენლებთან ერთად. UNDP საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მხარს უჭერს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ასევე შეხვედრები გავმართეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მეჯვრისხევსა და ნიქოზში, ზოგადად შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე ჯერ კიდევ არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების ერთობლივ გზებზე,“ - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.