საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატების მოსმენის დროს, დაასახელა 4 პრიორიტეტი რომელზეც საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს.
მისი თქმით, ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, ყურადღებას გაამახვილებს ოთხ პრიორიტეტზე.
„უპირველესად, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომლისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მეორე, საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად ვიმუშავებ იმისთვის, რომ დავეხმარო მათი სურვილის განხორციელებაში ევროკავშირში, NATO-სა და დასავლეთში მტკიცე ინტეგრაციის მხრივ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც შედის. ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთში, რომელსაც შეეძლება საკუთარი საზღვრების დაცვა და რუსეთის მავნე ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის საქართველოში ამერიკული კომპანიებისთვის და ქართული ინვესტიციებისთვის აშშ-ში შესაძლებლობების გაზრდით. ენერგიულად ხელს შევუწყობ აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს გასაძლიერებლად. ასევე, ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა დავიცვა პოტენციური იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკისგან, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან.
ჩემი საბოლოო პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და გაერო-ს წესდების შესაბამისად. ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის მოსახლეობას. საქართველო იყო ნატო-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობისთვის 1994 წლიდან და იყო ავღანეთში ძალების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ამერიკული ჯარების გვერდით“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩობის კანდიდატად რობინ დანიგანი თებერვალში წარადგინა.