„საქართველოს უნივერსიტეტს“ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
ამის შესახებ დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ განაცხადა.
„ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში ჩვენს სტუდენტებს მიაძახოს, რომ თითქოს მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შეიქმნა.
ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ, თითქოს პოლიტიკური პროცესი სადღაც მტრულ დასავლეთში იგეგმება – ევროპაში, ამერიკაში, მასონების და სხვა მითიური მტრების მიერ და ხორციელდება მათი სატელტი NGO-ების მიერ, ხოლო ხალხი, მათ შორის სტუდენტები და ცნობილი მეცნიერები – მხოლოდ მოტყუებული, ბრმა იარაღია“, – განაცხადა კოკა თოფურიამ.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის თქმით, მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ასეთი შეხედულებები მათი სტუდენტების მიმართ.
„ისინი დამოუკიდებლად, თავისუფალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდილი ახალგაზრდები არიან, იმდენი ცოდნით და უნარებით, რომ მათზე ზემოქმედება, მათი მართვა და ბრმა იარაღად გამოყენება შეუძლებელია. მათი როლისა და თავისუფალი ნების დაკნინება ლახავს ჩვენი სტუდენტების ღირსებას, რასაც ვერაფრით ვერ შევეგუებით. უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ყოველთვის იდგებიან დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ისტორიის ნათელ მხარეს და ყველაფერს ვიზამთ, რომ ვერავინ შეძლოს აბუჩად აიგდოს ჩვენი მთავარი ღირსება – ჩვენი სტუდენტები“, – განაცხადა კოკა თოფურიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში განაცხდა, რომ ფრანკლინის კლუბი „არის შექმნილი სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში (ახალგაზრდებს მინდა შევახსენო აქვე, რომ ეს უნივერსიტეტი სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს 1 ლარად გადასცა თავის დედას). ამ უნივერსიტეტში არის შექმნილი ერთგვარი ანკლავი, ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა და მათი ტვინის გამორეცხვა.