სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების ბრალდებით ორ საქმეს აღძრავს. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
რუსეთს ბრალს წარუდგენენ უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმების საქმეებზე. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვის წარედგინა ბრალი ორივე შემთხვევაში.
მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა ჯერ მოსამართლეთა კოლეგიას სასამართლომდე უნდა წარუდგინოს არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მოსამართლეები გადაწყვეტენ, არის თუ არა დაცული სამართლებრივი სტანდარტები ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ორდერების გაცემისთვის ან სჭირდებათ თუ არა დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული საქმეები პირველი საერთაშორისო ბრალდებებია კონფლიქტის დაწყების შემდეგ.