ლოს ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო 7 ნომინაციაში, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში მოიპოვა. კინოსურათი კვონისა და შეინერტის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც 2022 წლის სენსაცია გახდა და ათობით ჯილდო მოიპოვა.
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა. მან დარენ არენოფსკის „ვეშაპში“ მთავარი როლი შეასრულა.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარი წარმოშობით ჩინელ, მალაიზიელ მსახიობს მიშელ იეოს გადაეცა („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“).
მეორეხარისხოვანი როლების კატეგორიებში ჯემი ლი კერტისმა და კე ჰიუ ქუანმა („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“) გაიმარჯვეს.
დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე გადაღებულმა ფილმმა „ნავალნი.“ ცერემონიას პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ცოლი იულია ნავალნაიაც დაესწრო, რომელიც სიტყვით გამოვიდა.
"ჩემი ქმარი ციხეში სიმართლის თქმის გამო ზის. ჩემი ქმარი ციხეშია, იმიტომ რომ დემოკრატიას იცავს. შევნატრი იმ დღეს, როდესაც გათავისუფლდება - გამაგრდი ჩემო სიყვარულო", – განაცხადა ნავალნაიამ.
დოკუმენტური ფილმი CNN-ისა და HBO-ს ერთობლივი ძალებით არის გადაღებული.