საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ანდროპოვისა და ბრეჟნევის ბედს უწინასწარმეტყველებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გაბაშვილმა აღნიშნა, ლავროვის მხრიდან დამუქრება, რომ ეუთოს "უსაქმურად" დარჩენა ემუქრება, არარეალურია.
"თამაშგარედ ვინ დარჩება, ეს კიდევ საკითხავია. ლავროვსა და პუტინს, ისევე როგორც თავის დროზე ბრეჟნევსა და გრომიკოს, აქვთ ილუზია, რომ შეუძლიათ მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ გაილაშქრონ და როგორც ბრეჟნევმა, ანდროპოვმა და გრომიკომ დამთავრეს, ისინიც ზუსტად ასე დაამთავრებენ", - აღნიშნა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთოს სამიტის შეფასებისას ლავროვმა აღნიშნა, რომ თუ ეუთო საქართველოს საკითხის სასურველ სინამდვილედ გასაღებას არ შეწყვეტს, შესაძლოა, ეუთო უსაქმოდ აღმოჩნდეს და მისი პერსპექტივები ბუნდოვანი გახდეს.