ბატონი ლევანი ამ პარტიიდან ადრეც წასულა. 2016 წელს, ყველაზე ძალიან როცა უჭირდა პარტიას, დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“. უცებ გარდაისახა და აღმოჩნდა, რომ მას აქვს რესურსი გვლანძღოს, გვაგინოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ თქვა.
მისი თქმით, ხაბეიშვილი შეარჩიეს იმიტომ, რომ არაფორმალური ცენტრის დირექტივების უტყვი შემსრულებელი ყოფილიყო.
„ბატონი ლევანი ამ პარტიიდან ადრეც წასულა. 2016 წელს, ყველაზე ძალიან როცა უჭირდა პარტიას, დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“. უცებ გარდაისახა და აღმოჩნდა, რომ მას აქვს რესურსი გვლანძღოს, გვაგინოს და იმასაც კი იძახდა, ძალიანაც კარგი, 2012 წელს რომ წააგეთო. შემდეგ ისევ მობრუნდა ამ პარტიაში. როგორ მოხსნა და რა არქიტექტურა იყო დაყენების თავმჯდომარედ, ერთ დღეს ერთი გააკეთებინეს, მეორე დღეს – მეორე, მესამე დღეს – მესამე, გასაგებია, რომ მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნება.
ბატონი ლევანი როცა გამოდის, არასდროს არ ლაპარაკობს გეოპოლიტიკაზე, რა მდგომარეობაშიც საქართველოა, ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე, განათლების, კულტურის პოლიტიკაზე, არცერთ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ მას, უბრალოდ, არა აქვს ეს ცოდნა, სამწუხაროდ.
ამიტომ მიმაჩნია, ვინც ის შეარჩია, შეარჩია მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილიყო იმ ადამიანების, არაფორმალური ცენტრის მითითებებისა და დირექტივების უტყვი შემსრულებელი. ასეთი უტყვი შემსრულებლები კი არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ უნდა ანგარიშვალდებული, პასუხისმგებლობიანი ლიდერები, რომელთაც აქვთ თავიანთი ხედვა და მზად არიან, მიიღონ კრიტიკა ამომრჩევლის მხრიდან“, – განაცხადა წიკლაურმა.