თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავს.
"რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში?" - განაცხადა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმის შემოღება არ გამორიცხა. განცხადება სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღება, თუ "ორ ქვეყანას შორის შესაბამისი წინაპირობები ჩამოყალიბდება".