"თავისუფლება მიშას" - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების ოფისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები ორბელიანის მოედნიდან ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან. სოლიდარობის აქცია 15:00 საათზე დაიწყო.
დღევანდელი აქცია-მსვლელობა ორგანიზებულია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ.
"ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქცია, სადაც ვაპროტესტებთ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ეძლევა ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ გადარჩეს პრეზიდენტი სააკაშვილი და გადაიყვანონ სამკურნალოდ იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა", - თქვა ხაბეიშვილმა.