ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამადენიმე წუთის წინ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
დაკავებულთა შორის არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი, შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი, შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი, აგრეთვე ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.
2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.