საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, გენმოდიფიცირებული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, მაშინ როდესაც გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამერიკისა და ევროპის ბაზარზეც ფართოდ არის წარმოჩენილი, საუბარი იმაზე რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიშია სწორი არ არის.
"კარგად იცით, რომ ამერიკაში და ევროპაში მაღაზიებში დახლებზე ადამიანის ჯამრთელობისთვის საშიში პროდუქცია არ იქნება. ამიტომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, რომ იყოს მათ ბაზარზე არ იქნებოდა წარმოდგენილი" - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება მთავრობის მიერ პარლამენტის დადგენილების დარღვევის საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ევროკავშირთან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე კონსულტაციებს აწარმოებდა და აღნიშნული საკითხიც მოლაპარაკებების საგანს წარმოდგენდა.
"მთავრობის მიერ კანონპროექტის შემუშავებაც დროში სწორედ ამიტომ გაიჭიმა. აღნიშნული კანონის მიღების დროს აუცილებელია გათვალისწინებული იყოს, როგორც მწარმოებლის ინტერესების, ასევე მომხმარებელი, რომელმაც უნდა იცოდეს, როდესაც პროდუქტს ყიდულობს მისი წარმოების შესახებ ინფორმაცია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ დადგენილება შესრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნის საგარეო, ასევე ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.