ლევან ხაბეიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის თავისი კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
"მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო, მებრძოლი ოპოზიცია პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, ენმ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს და მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარდებს რევოლუციის იდეალები".- თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა კიდევ ერთ კანდიდატს, გიორგი ჩალაძეს შესთავაზა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეიქმნას შტაბი, რომელსაც ჩალაძე უხელმძღვანელებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამაერთიანებელი თავმჯდომარე სჭირდება და არა "გამყოფი და დამაპირისპირებელი". მისივე თქმით, პარტიის ამომრჩეველი მეტს იმსახურებს.