„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, დიდი პრემიერით გაიხსნა.
საქართველოში პირველად შესრულდა იან დისმას ზელენკას უნიკალური ნაწარმოები - Missa Sanctissimae Trinitatis, ZWV 17 („წმინდა სამების მესა“).
იან დისმას ზელენკა იოჰან სებასტიან ბახის თანამედროვე მუსიკოსი იყო და მას, თავად დიდი ბახი იმდენად დიდ პატივს სცემდა, რომ ნებართვაც კი აიღო მისი ნაწარმოებების შესრულებისთვის.
ნაწარმოები თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონირტასთან“ ერთად შეასრულეს: გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ (სამხატვრო ხელმძღვანელი - ზვიად ბოლქვაძე) და დირიჟორი კი გახლდათ ქართველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი გერმანელი დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ერთადერთი ბაროკოს ფესტივალია მთელს ამიერკავკასიაში, სადაც მუსიკა ბაროკოს ავთენტიკური მანერით, ისტორიულ ინსტრუმენტებზე სრულდება. ფესტივალი ასევე გამოირჩევა იმით, რომ ყოველ წელს სიურპრიზებით არის დატვირთული და ქართველ მსმენელებს აბსოლუტურად უცნობი ნაწარმოებების პრემიერებს სთავაზობს!
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, 9 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ მიმდინარეობს.