"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
გარდა ამისა, TI ამბობს, რომ მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა:
"2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 17,000-მდე ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 79% (9,500-მდე) 2018-2022[16] წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე, ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა - 1,180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.
2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მატება, ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 193 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში კი - 2,150 კომპანია. აპრილ-სექტემბერში თვეში საშუალოდ 1,226 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. საბოლოოდ, 2022 წლის მარტი-სექტემბერში დარეგისტრირდა იმაზე 10-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში (იხილეთ გრაფიკი 10).
მიმდინარე წლის მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვს",- წერია კვლევის ანგარიშში .