პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, 2010 წელი საგარეო პოლიტიკაში წარმატებით, შიდაპოლიტიკაში კი შეცდომებით გამოირჩეოდა.
"ამ წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის სისუსტე. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ პარლამენტს გარეთ ოპოზიციის რესურსი მინიმალიზებულია. განსაკუთრებით გამოიკვეთა ის შეცდომაც, რომელიც მან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით დაუშვა", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, ეს წელი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცის შემდგომ საქართველოში, როცა არჩევნებში დამარცხებულმა მხარემ გამარჯვევბულს მიულოცა და აღიარა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პოლიტოლოგის განმარტებით, ქვეყნის წარმატება იმაში გამოიხატება, რომ წელს, ცივილიზებულმა ევროპამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პირველად აღიარა.
"აქამდე კეთდებოდა ზეპირი განცხადებები, მაგრამ ზეპირი განცხადებები არასდროს არ სარგებლობს საერთაშორისო პოლიტიკაში ნდობით. ასე რომ, გავა წლები, საუკუნეები და ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ლისაბონის ნატოს სამიტზე მიღებულ დოკუმენტებს სტუდენტები გაეცნობიან და ისწავლიან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი", - დასძინა მან.