"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს ეზოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ დაიშალონ და საკუთარი სათქმელი სასამართლოს ეზოში ღიად თქვან.
გედევან ფოფხაძემ ახალი ერთობის წინაპირობებზე ისაუბრა.
"არ ვიშლებით, სათქმელი უნდა ითქვას აქ, ამ ეზოში და არა სხვაგან. შეგნებული გვაქვს, რომ სასამართლოს ეზოში არ შეიძლება მიტინგის გამართვა, მაგრამ ისიც შეგნებული გვაქვს, რომ არ შეიძლება სასამართლომ უკანონო განაჩენები გამოიტანოს. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ათვლის წერტილი და ათვლის დღე",- თქვა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეკრებილებს მოუწოდა, რომ ერთად გააპროტესტონ ნიკა გვარამიას უსამართლო განაჩენი.
"დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფ ადამიანებს გვაქვს ის რესურსი, რომ თუ დავორგანიზდებით, შევძლებთ, პროტესტის სერიოზული ტალღის წამოწყებას. ეს იქნება ტალღა, რომელიც ამათ გადალეკავს. 5-7 თვეს ვაძლევ ქართულ ოცნებას. ისტორიამ ისინი გაწირა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავიშალოთ, მაშინ როცა ნიკა ასეთ მაგალითს გვაძლევს თავგანწირვის. სასამართლოს ეზოც პროტესტის საგანიც უნდა გახდეს, რუსთაველიც და ყველა ადგილი. არანაირი ინდივიდუალური პროტესტები, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ",- ამბობს ფოფხაძე.