CNN-ი და სხვა მსხვილი მედიასაშუალებები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
CNN-ის ორი წყაროს ინფორმაციით, მასკმა გაათავისუფლა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, პარაგ აგრავალი და კიდევ ორი დირექტორი.
"ჩიტი გათავისუფლებულია". – წერს მასკი საკუთარ Twitter-ზე. Twitter-ის ლოგო ლურჯი ჩიტია.
შეთანხმების გაფორმებით, მასკმა და Twitter-მა თავი აარიდეს სასამართლო პროცესს, რომელიც თავდაპირველად ამ თვის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო. როგორც CNN-ი წერს, მასკის მიერ დირექტორების გათავისუფლება სოციალური პლატფორმის მომავალზე ახალ კითხვებს აჩენს. მათივე ინფორმაციით, დანარჩენი ორი დირექტორი, რომლებიც მასკმა გაათავისუფლა, მთავარი ფინანსური დირექტორი, მედ სიგალი და Twitter-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი, ვიჯაია გადე არიან.
მასკი გეგმავს, რომ Twitter-ზე სიტყვის თავისუფლებას უფრო მეტად შეუწყოს ხელი. ის არ ეთანხმებოდა სოციალური ქსელში მომხმარებლების სამუდამოდ დაბლოკვის აქამდე არსებულ პრაქტიკას. შესაძლოა, Twitter-ზე დაბრუნდნენ ისეთი მომხმარებლები, როგორიცაა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.