თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე.
„სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს.
„დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადადაც, მზად ვარ, თუ ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე.
ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია.
იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, - თქვა კალაძემ.