ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, – ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პუტინმა აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების უკან „კიევის რეჟიმი“ დგას.
„კრიმინალისტიკური და სხვა ექსპერტიზის მონაცემები, ასევე ოპერატიული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია, ტერაქტი, რომელიც მიმართულია რუსეთის სამოქალაქო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ. ასევე ცხადია, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები, შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით თავი ფაქტობრივად საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან, ყველაზე ოდიოზურ დაჯგუფებებთან გაითანაბრა. მსგავს დანაშაულების პასუხის გარეშე დატოვება, უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთის ჯარმა მასირებული დარტყმები განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამხედრო სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობაზე.
„თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრებული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.