იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სეიდზი მაეხარას მიერ კურილიის კუნძულების ვერტმფრენიდან მონახულების შესახებ კრემლმა შემდეგი კომენტარი გააკეთა - არავის არ აქვს აკრძალული რუსული ბუნებით დატკბეს.
"არავის, მათ შორის არც იაპონიას არ აქვს აკრძალული რუსული ბუნების მშვენიერებით დატკბობა", _ აცხადებს კრემლი.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერტმფრენიდან, ისე, რომ თავისი ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია "ჩრდილოეთის ტერიტორიები" (ასე უწოდებენ იაპონელები რუსეთის კურილიის კუნძულებს) დაათვალიერა. იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე კარგა ხანია ჰქონდა დაგეგმილი ამ ვიზიტის განხორციელება და დასძენს, რომ მაეხარას მიერ კუნძულების მონახულება რუსეთთან კონფრონტაციულ ხასიათს არ ატარებს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები მცირე ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის მიერ სამხრეთ კურილიის კუნძულების მონახულების შემდეგ დაიძაბა. იაპონიამ არაერთგზის გააფრთხილა დიმიტრი მედვედევი, რომ კუნძულებზე არ ჩასულიყო, ვინაიდან იაპონია ამ კუნძულებს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. მედვედევი აღმოჩნდა პირველი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციისა, რომელიც ამ კუნძულებზე მიუხედავად გაფრთხილებებისა ჩავიდა და თან განაცხადა¸რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა და რუსეთის პრეზიდენტი იქ ჩავა სადაც საჭიროდ ჩათვლის.
ამით გაღიზიანებულმა იაპონიამ მოსკოვიდან დროებით თავისი ელჩი გაიწვია. ამის შემდეგ მედვედევმა კვლავ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი კურილიის კუნძულებზე ჩასვლას კვლავ აპირებდა.
იაპონიამ ამ განცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს კვლავ მოუწოდა, რომ აღნიშნული ვიზიტისგან თავი შეეკავებინა.