რელიგიის გამოყენება ომის ბოროტების გასამართლებლად დაუშვებელია და ღმერთი არ შეიძლება იყოს "ადამიანის ძალაუფლებისადმი ლტოლვის მძევალი". ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ოთხშაბათს, 14 სექტემბერს, ყაზახეთში, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მეშვიდე კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა კონგრესზე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 100-მდე დელეგაციას მიმართა. კონგრესს ესწრებოდნენ იმამები, პატრიარქები, რაბინები და მუფთები.
კონფერენციას უნდა დასწრებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი, თუმცა ცოტა ხნით ადრე, მონაწილეობაზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, კონგრესზე იმყოფებოდა რუსეთის ეკლესიის დელეგაცია.
რომის პაპმა უკრაინაში გაჩაღებულ საომარ მოქმედებებს კიდევ ერთხეულ უწოდა "უგუნური და ტრაგიკული ომი" და მსოფლიოს დიალოგისკენ მოუწოდა.
"მე აქ ვარ, რათა მოვისმინო მათ ძახილი, ვინც მშვიდობისთვის ლოცულობს, რაც ერთადერთი გზაა წინსვლისთვის" გლობალიზაციის ეპოქაში. მე აქ ვარ უგუნური და ტრაგიკული ომის ფონზე, რომელიც უკრაინაში შეჭრით დაიწყო", - თქვა პაპმა და აღნიშნა, რომ გარდა ამ ომისა, კიდევ არსებობს სხვა საფრთხეები მშვიდობისთვის.
რომის პაპმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საზოგადოებას "დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობა დიალოგის ხელშეწყობისთვის".
"ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე შეუძლიათ ხელი შეუწყონ ხალხებს შორის ურთიერთობასა და დიალოგს, რათა გაძლიერდეს მულტილატერალიზმი, ავაშენოთ უფრო სტაბილური და მშვიდობიანი სამყარო, იზრუნონ ახალ თაობებზე. ეს მოითხოვს გაგებას, მოთმინებას და დიალოგს ყველასთან. ვიმეორებ: ყველასთან", - თქვა რომის პაპმა.