პარიზში, ეიფელის კოშკის განათება, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე გამოირთვება. ამის შესახებ 13 სექტემბერს პარიზის მერმა, ანა იდალგომ განაცხადა.
იდალგოს განცხადებით, ეს სიმბოლური ჟესტი არის ენერგიის დაზოგვის უფრო ყოვლისმომცველი გეგმის ნაწილი, რადგან ქალაქი ემზადება ენერგიის ხარჯების გაზრდისთვის.
საკულტო კოშკზე განათება 23:45 საათზე ჩაქრება. თუმცა ცვლილება მეტწილად სიმბოლურია და მეტწილად ენერგიის დაზოგვის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ეიფელის კოშკის ოპერატორი კომპანიის თანახმად, განათება ისედაც ენერგოეფექტურია და კოშკის წლიური ენერგომოხმარების მხოლოდ 4%-ს შეადგენს.
პარიზის მერიამ ენერგიის დაზოგვის მიზნით სხვა ზომებსაც მიმართა. ქალაქის მართვის ქვეშ მყოფ შენობებში, გარდა საბავშვო ბაღებისა და მოხუცთა თავშესაფრებისა, გათბობა 19-დან 18 გრადუსამდე შემცირდება. ამავდროულად, გათბობა შენობებში ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან ჩაირთვება.
ამასთან, სხვადასხვა ძეგლისა და მონუმენტის განათება 22:00 საათზე გამოირთვება, თუმცა ქუჩის განათება კვლავ ჩართული დარჩება.
პარიზის მერი იმედოვნებს, რომ ამ ზომებით გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯებს 10%-ით შეამცირებს.
ენერგიის დასაზოგ ღონისძიებებს ევროპის არაერთი ქვეყანა მიმართავს.