გერმანიის პოზიცია საერთაშორისო არენაზე ავალდებულებს მას, გახდეს წამყვანი სამხედრო ძალა ევროპაში, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა.
"ეს უკავშირდება ჩვენს ზომას, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ჩვენს ეკონომიკურ ძლიერებას, მოკლედ, ჩვენს მნიშვნელობას. ეს გვაქცევს წამყვან ძალად, მოგვწონს ეს თუ არა, ასევე სამხედრო სფეროში", - ციტირებს ლამბრეხტის სიტყვებს Financial Times.
ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ის დახარჯვას გეგმავს, როგორც ეს ნატოს სტანდარტებით არის გათვალისწინებული.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბერლინი მომავალ წლებში თავდაცვის ექსპორტის მკაცრი რეგულაციების შემსუბუქებას აპირებს, რათა "გერმანიამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროპის თავდაცვის პროექტებში".
ლამბრეხტმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები დარჩება ევროპის თავდაცვის მთავარ ძალად, თუმცა, მზარდი დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, ვაშინგტონის ყურადღების გადატანა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე, ისევე როგორც უკრაინის გარშემო არსებული ვითარება მოითხოვს, რომ ევროპის ქვეყნები მზად იყვნენ დამოუკიდებლად დაიცვან თავი საფრთხეებისგან.