საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.
კრემლის ცნობით, საუბარი პარიზის ინიციატივით შედგა.
როგორც კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, "მაკრონმა და პუტინმა დეტალურად და გულწრფელად ისაუბრეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე".
კრემლის ცნობით, "პუტინმა მაკრონის ყურადღება ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის რეგულარულ თავდასხმებსა და მათ შესაძლო შედეგებზე გაამახვილა".
"პუტინმა თქვა, თუ რა ზომებს იღებენ რუსი სპეციალისტები სადგურის დასაცავად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია კიევზე ზეწოლა განხორციელდეს დაბომბვის შესაჩერებლად", - ნათქვამია კრემლის შეტყობინებაში.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინული ძალები დასავლური იარაღით დაბომბავდნენ დონბასის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც უდიდესია უკრაინასა და ევროპაში, მდებარეობს ენერგოდარში, ზაპოროჟიის რეგიონში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის დაბომბვაში.