შვედეთში დილიდან გაიხსნა საარჩევნო უბნები. შვედი ამომრჩევლები ირჩევენ შვედეთის ეთპალატიანი პარლამენტის (რიქსდაგი) წევრებს.
არჩევნების შედეგების თანახმად განისაზღვრება ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის მთავრობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 2021 წლიდან შვედეთის მთავრობას სათავეში უდგას სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი. ის უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს.
ევროპული მედიის ინფორმაციით, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, სავარაუდოდ, შვედეთში უმცირესობის მთავრობა ჩამოყალიბდება.
არჩევნებში მონაწილეობას იღებს ოთხი მემარჯვენე და ოთხი მემარცხენე პარტია. გამარჯვებულს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს.
პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონისა და მისი სოციალ-დემოკრატიულ პარტიის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ ულფ კრისტერსონს, კონსერვატიული "შვედეთის ზომიერი პარტიიდან".
კრისტერსონი შვედებს გადასახადების შემცირებას, კრიმინალთან ბრძოლას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ჰპირდება.
შვედეთის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია და ის პროპორციული სისტემით არჩეული 349 დეპუტატისგან შედგება. საკონსტიტუციო უმრავლესობა 175 დეპუტატია.
პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 4%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. ბოლო გამოკითხვების თანახმად, სოციალ-დემოკრატები ხმების დაახლოებით 29.5%-ს მიიღებენ, "ზომიერი პარტია" – 18.7%.
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, შვედეთში ადგილობრივი არჩევნებიც მიმდინარეობს. შვედები რეგიონული და მუნიციპალური საკრებულოების წევრებს ირჩევენ.