გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის დეპუტატებმა ახალ მონარქს, მეფე ჩარლზ მესამეს ერთგულება შეჰფიცეს.
ერთგულების ფიცი ასევე წაიკითხა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც იმავდროულად, თემთა პალატის წევრიცაა.
ფიცის წაკითხვის ცერემონიალი თემთა პალატის საგანგებო სესიაზე გაიმართა.
"ვფიცავ ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ ვიქნები ერთგული მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზისა და მისი მემკვიდრეების მიმართ, კანონის თანახმად. ასე რომ დამეხმარე ღმერთო", - ასეთია ფიცის ტექსტის შინაარსი.
ცერემონიას ესწრებოდნენ ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, ოპოზიციის ლიდერი კირ სტარმერი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი.
თემთა პალატის სხდომა ეროვნული გლოვის დასრულებამდე აღარ გაიმართება.
მანამდე, ლიზ ტრასი და სხვა მაღალი რანგის ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები ჩარლზის მეფედ ოფიციალურად გამოცხადების ცერემონიას დაესწრნენ.