რუსეთს თუ საერთაშორისო ავტორიტეტის აღდგენა უნდა, 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება უნდა შეასრულოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ ეუთოს სამიტის შეფასებისას განუცხადა.
"ვფიქრობ, საკმაოდ მკაფიო პოზიციაა გამოხატული დასავლელი პარტნიორების მიერ. ეუთოს სამიტზე რუსეთს, რომელსაც სურდა ამიერკავკასიაში 5 დამოუკიდებელი ქვეყნის დამკვიდრება, მხარი არა მხოლოდ დასავლეთ ევროპამ, დსთ-ის და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმაც კი არ დაუჭირეს, რომლებსაც ოფიციალურ მოსკოვთან სამოკავშირეო ხელშეკრულება აკავშირებთ", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ამიერკავკასიაში მხოლოდ სამი დამოუკიდებელი ქვეყანა არსებობს და ამას, როგორც ჭეშმარიტ ფაქტს, რუსეთის გარდა, ყველა აღიარებს.
"რუსეთს არ უნდა გაითვალისწინოს ეს, მაგრამ ეუთოს სამიტმა აჩვენა, რომ კრემლი ამ პოზიციაში მარტოა და ასეთი პოზიციის მტკიცედ შენარჩუნების შემთხვევაში, იძულებული იქნება წავიდეს დათმობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიხსენოს ის დოკუმენტი, რომელზედაც ხელი აქვს მოწერილი. ეს მისი საერთაშორისო ავტორიტეტის აღგენისთვისაც კარგი იქნება", - აღნიშნა ვეფხვაძემ.